ჟურნალი ნომერი 5 ∘ სალომე ზამბახიძე ქალთან დაკავშირებული ზოგიერთი სტერეოტიპი ქართულ საზოგადოებაშისალომე ზამბახიძე
შესავალი
ქალთა მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ ქალთა ემანსიპაციის პროცესი მეოცე საუკუნიდან აქტიურად დაიწყო, რაშიც დიდი როლი სუფრაჟისტებმა ითამაშეს [დელი, ნოლანი, 1994:5], ქალი დღესაც გვევლინება სოციალური სტერეოტიპების მსხვერპლად, მათ შორის, საქართველოშიც. სტატიაში შევეცდები განვიხილო, რა როლს ასრულებს ენა ქალთა მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ცნობილია, რომ ქალთა მიმართ არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულება, ნათლად ვლინდება ქართული ენის ლექსიკის გარკვეულ პლასტებში. ენა წარმოგვიჩენს გზას, რომელიც საზოგადოებამ გაიარა, და გვიჩვენებს, თუ როგორი დამოკიდებულება არსებობდა სხვადასხვა დროის მონაკვეთში ქალთა მიმართ, და თუ როგორი დამოკიდებულება არსებობს ახლა.
ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობის თემას ძველ ტრადიციულ ზღაპრებშიც ვხვდებით, ქალი პასიური ლექსიკით ხასიათდება, ხოლო კაცი - აქტიური მოქმედების ენით [თოთიბაძე, 2020:10], კერძოდ, ზღაპრებში მოთხრობილ ამბებში თვალსაჩინოდ არის გადანაწილებული და წარმოდგენილი საზოგადოებაში არსებული სოციალური როლები, რაც გვაძლევს საშუალებას დავხატოთ კონკრეტული პერიოდის საზოგადოების სოციოკულტურული და სოციოლინგვისტური პორტრეტი. მაგალითად, საინტერესოა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ქალი არის პასიური არსება, ხოლო მამაკაცი - აქტიური და ეს, ისტორიის კვალდაკვალ, აისახება როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე მხატვრობაში, ლიტერატურასა და სექსუალურ ცხოვრებაშიც კი. ეს ვითარება, ბუნებრივია, გამოხატულია ძველ ზღაპარებშიც, რომლებშიც, უმეტეს შემთხვევაში, პრინცესა ელოდება პრინცს გადასარჩენად, ან ოცნებობს მასზე დაქორწინებაზე, მაშინ როდესაც მამრობითი სქესის პერსონაჟები აქტიურობით ხასიათდებიან, მოგზაურობენ და მუდმივად თავგადასავლის ძიებაში არიან. ზღაპრებში პასიური როლის შესრულება ერთ-ერთი ყველაზე ჩვეული და მნიშვნელოვანი ატრიბუტია ქალისთვის.
ქალის სტატუსი განსხვავდება კულტურების მიხედვით. ტრადიცია დიდ როლს ასრულებს საზოგადოების მსოფლმხედველობაში. ბევრ კულტურაში ქალებისგან ელიან ისეთი საქმეების შესრულებას, რაც მიიჩნევა, რომ კაცებს არ ევალებათ [ჯანდტი, 2010:235]. ქალები და გოგონები უნდა მოიქცნენ ისე, როგორც საზოგადოება მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ [დეკანოიძე, გოცირიძე, იაკობიძე, 2020:9] ფემიციდის მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, ქალთა მკვლელობების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 2014 წელს (სულ 35 ფაქტი) მომდევნო წლებში ეს რიცხვი შემცირდა. ამის საპირისპიროდ, ქალთა მკვლელობის მცდელობის მაჩვენებელი გაიზარდა 2017-2018 წელს (18-18 შემთხვევა). საინტერესოა, რომ ფემიციდთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებში, გამოიყოფა სოციუმთან დაკავიშირებული რისკ-ფაქტორები. [კურტანიძე, აბრამიშვილი, პატარაია, 2016:11] სოციუმთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებს შორის, გამოყოფენ გარშემომყოფთა მხარდაჭერის ნაკლებობის ფაქტორს. აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევებში, მკვლელობის შესახებ მუქარას ხშირად ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები თუ თანამშრომლები შესწრებიან, თუმცა ისინი სერიოზულად არ აღიქვამენ ამგვარ მუქარას და არ ერევიან კონფლიქტში, იმ მოტივით, რომ ეს “პირადი საქმეა”.
კულტურა ხშირად განიმარტება, როგორც ტრადიციების, ენისა და დამოკიდებულებების ისტორიულ-ეთნოგრაფიული განვითარება.
მაგალითად, ჰოფსტედეს აზრით, კულტურა სოციალური თამაშის წესების კრებულია, რომლებსაც საზოგადოების წევრები თაობებს გადასცემენ [ჰოფსტედე 2011].
ენა კულტურის ერთ-ერთი პლასტია, და, შესაბამისად, აღწერს საზოგადოების დამოკიდებულებას კონკრეტული საკითხებისადმი; მასში ნათლად არის აღბეჭდილი, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მამაკაცებს, და, ზოგადად, საზოგადოებას ქალთა მიმართ [თოთიბაძე, 2020:3]. ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი მაგალითია სიტყვა - გათხოვება. თუ მას სიღრმისეულად განვიხილავთ აღმოვაჩენთ, რომ ის მომდინარეობს სიტყვისგან - თხოვება. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია დავასკვნათ, თუ რა სახის დამოკიდებულება ჰქონდათ ოჯახებს თავიანთი ქალიშვილების მიმართ. გოგონები აღიქმებოდნენ, როგორც ნივთები, რომლებიც მამაკაცისთვის უნდა გეთხოვებინა. ახალგაზრდა გოგოებს არავინ ეკითხებოდათ სურდათ თუ არა კონკრეტულ მამაკაცზე დაქორწინება, ოჯახი თავად არჩევდა თუ ვისთან ერთად უნდა შეექმნათ მათ ოჯახი და ისინიც მათ უნდა დამორჩილებოდნენ.
საქართველოში ხშირად ამბობენ - „ქალი ვიცი მე „კუხნაში“; „ქალი ხარ და უნდა მოითმინო“ და ა.შ. კვლევის პროცესში (რომელსაც ქვემოთ აღვწერთ) გამოკითხულთა ნაწილი, სწორედ ამ წინადადებებს ასახელებს, რომლებიც, გამოხატავენ ქალთა დაქვემდებარებულ მდგოამრეობას. საქართველოში ქალები აღიქმება, როგორც ადამიანთა ჯგუფი, რომელიც უნდა დაემორჩილოს კაცებს, ხოლო მამაკაცები მიიჩნევიან ოჯახის მარჩენალებად [გუდაშვილი, ახვლედიანი, გოლიაძე, გოგიშვილი, ქართველიშვილი, მაცაბერიძე, შულაია, 2015:8], ეს ტენდენცია თანდათანობით იცვლება და ქალები საზოგადოების სრულყოფილი წევრები ხდებიან, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს მამაკაცთა და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ქალების დიდი ნაწილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქალის ერთადერთი პროფესია დიასახლისობაა და, ასევე, მათი მთავარი მიზანი დაქორწინება და მორჩილებაა. ამგვარი ვიდეო-გამოკითხვები ხშირად ქვეყნდება სოციალურ ქსელებში. აღსანიშნავია, რომ მეცხრამეტე საუკუნეში, სიტყვა - დედაკაცი - საკმაოდ ხშირად გამოიყენებოდა, [რუსიეშვილი, დოლიძე, 2020:65] სიტყვას დადებითი კონოტაცია ჰქონდა (დედა + კაცი) (მაგალითად ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები) და ის მოიცავდა სემანტიკურ კომპონენტებს, ძლიერი ქალისა, რომელიც კაცთან ერთად მუშაობდა, ქორწინებაში მათ თანაბარი უფლებები ჰქონდათ, ქალი უვლიდა და უძღვებოდა ოჯახის საქმიანობას და მისი ფუნქცია დიდი იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ სიტყვამ, დღესდღეობით, უარყოფითი კონოტაცია შეიძინა, გაუნათლებელი, ცუდად აღზრდილი ქალისა. კველვაში მონაწილე რეპოდენტების ნაწილი, სწორედ სიტყვა დედაკაცს ასახელებს, როგორც სიტყვას, რომელიც ქალის დაქვემდებარებულ მდგომარეობას გამოხატავს. ამ სიტყვის ანალიზი ცხადყოფს, რომ ქალები აღიქმებოდნენ, როგორც მამაკაცის თანასწორნი. მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურა, სწორედ რომ ამ შთაბეჭდილებას უტოვებს მკითხველს.
სურათი 1
სურათი 1 კარიკატურულად ასახავს დედას უწინ და დედას ახლა (მეოცე საუკუნის დასაწყისში). საინტერესოა, რომ, ამ კარიკატურული სურათის მიხედვით, დედა ასი წლის წინ აღიქმებოდა, როგორც ამორძალი, თავდადებული, მებრძოლი. თბილისის მთავარი ქანდაკება, ქართლის დედაც იმავეს მიანიშნებს. ქალი, იყო პიროვნება, რომელიც ზრდიდა გმირებს, როგორებიც იყვნენ ცხრა ძმა ხერხეულიძე და სხვები. ქალი აღიქმებოდა გმირად, რომელიც მზად იყო თავისი შვილები შეეწირა საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობას. ტრადიციულად, ხშირად აღნიშნავდნენ შუშანიკისა და თამარ მეფის მსგავს ქალთა როლს ქვეყნის განვითარებაში. მარჯორი ვორდროპი, საქართველოში მოგზაურობის შემდეგ, [რუსიეშვილი, კარტლეჯი 2020:7] აღფთოვანებით აღნიშნავდა ქართველი ქალი მწერლების მრავალრიცხოვნებას და ასევე, ქალთა აქტიურ ცხოვრების წესს, რომელიც აღმოსავლეთისთვის უცხო იყო.
ქართულ ენაში საინტერესო საკითხს წარმოადგენს ნაცვალსახელები. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ენათა უმრავლესობა პირის ნაცვალსახელებში განასხვავებს მდედრობითსა და მრავლობითს. მაგალითად,
ინგლისური – he, she
ესპანური – él, ella
ფრანგული – il, elle
რუსული – он, она
ბერძნული – αυτός, αυτή
ჩინური – 她; 他 (ჩინური ენის შემთხვევაში გამოთქმა იგივეა, თუმცა განსხვავდება იეროგლიფები, ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში).
აღსანიშნავია, რომ ქართულ ენაში არ არსებობს მსგავსი განსხვავება და ქალიცა და მამაკაციც აღინიშნება, როგორც ის. ქართული ენა არ განასხვავებს მდედრობით და მამრობით პირის ნაცვალასახელებს, აღნიშნული ფორმის ჩამოყალიბების ფესვების ძიება საკუნეების შემდეგ საკმაოდ რთულია, თუმცა ფაქტი, უნდა აღინიშნოს, რომ პოზიტიურია.
ზღაპრებში ქალები, [თოთიბაძე 24:2020] პასიური აგენტების როლში გვევლინებიან, მსგავსი მაგალითი გვხვდება ქართულ ანდაზაში, ვაჟი იჯდეს ბერდებოდეს, ქალი იჯდეს ბედს ელოდესო. მაგალითიდან ჩანს, რომ ქალი პასიურია, ხოლო კაცი აქტიური. ქართულ ზღაპრებშიც, ქალები პასიურები, ხოლო მამაკაცები აქტიურნი არიან, [თოთიბაძე, 33:2020], შესაბამისად, ქალები პასიური სემანტიკის ზმნებით აღიწერებიან, ხოლო მამაკაცები-აქტიური პროცესის აღმნიშვნელი ზმნებით და დადებითი კონოტაციის ლექსიკით.
ქართულ ანდაზებში, ასევე უარყოფითი კონოტაციით გვხვდება სიტყვა - შინაბერა - მაგალითად, შინაბერას ყველა სარკე მრუდე ჰგონიაო. აღანიშნავია, რომ სიტყვა შინაბერა [კოშორიძე 73:] ლიტერატურ ენაში შემოიტანა კ. გამსახურდიამ, რომელიც ძველი ქართული სიტყვა ყოფილა და სამსახურეობრივი ტერმინის აღმნიშვნელი ძველ საქართველოში. შინაბერა თავადის ქალი უნდა ყოფილიყო და, როგორც სახელი მიუთითებს, გათხოვების უფლებაც აღკვეთილი უნდა ჰქონოდათ. ძველი ქართულიდან ეს სიტყვა ქართლურ დიალექტს შერჩენია და მისი ხელახლა გაცოცხლება, გარკვეული შინაარსობრივი შეზღუდვებით, სწორედ მწერლობის საშუალებით მოხდა.
კვლევის მიზანი
ამ მცირე კვლევის მიზანია, ყურადღება გავამახვილო ზოგად განწყობაზე, რომლებიც არსებობს საქართველოში ქალთა მიმართ და როგორ წამოაჩენს ამ დამოკიდებულებას ქართული ენა და სოციუმი.
კვლევის პროცესში გამოყენებული მეთოდი და კვლევის აღწერა
კვლევა, ძირითადად, თვისობრივია და ეყრდნობა შედარებით მეთოდს. კერძოდ, ძირითადად, მაინტერესებდა, როგორ აღიქვამდნენ, ჩემი აზრით, ქალისადმი სტერეოტიპული დამოკიდებულების აღმნიშვნელ სიტყვებს მონაწილეები. კვლევა ჩატარდა ელექტრონული კითხვარით. კითხვარის მეშვეობით გამოიკითხულ იქნა 31 ადამიანი, რომელთაც დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები, ქართულ საზოგადოებაში ქალთა მიმართ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. გამოკითხვის პროცესში მონაწილეობა მიიღო 18-35 წლამდე რესპოდენტმა ( 27 ქალი და 4 მამაკაცი). გამოკითხულთა 71% ცხოვრობს დედაქალაქში, 6,5% ქალაქში, 6,5% რაიონში, ხოლო 16,1% სოფელში. გამოკითხულთა 96,8% აქვს უმაღლესი განათლება. რესპოდენტებმა თავისი მოსაზარება გაგვიზიარეს, შემდეგ კითხვებთან დაკავშირებით: შეიცვალა თუ არა ქალთა მიმართ დამოკიდებულება 21-ე საუკუნეში; ეს ცვლილება დადებითი იყო თუ უარყოფითი, და რა იყო ამის მიზეზი; საქართველოში მე-20 საუკუნემდე სარგებლობდნენ თუ არა ქალები მეტი პატივისცემით და რატომ; რესპოდენტებმა დააფიქსირეს, თუ რა ემოციებს აღძრავდა მათში სიტყვა გათხოვება, და უფიქრიათ თუ არა რომ, სიტყვა გამოხატავდა ქალის დაქვემდებარებულ მდგომარეობას; გარდა ამისა, რესპოდენტებს ვთხოვეთ, დაესახელებინათ ქართული სიტყვები, რომლებიც გამოხატავდნენ, მათი აზრით, ქალის დაქვემდებარებულ მდგომარეობას; ასევე დააფიქსირეს მოსაზრება, ასახავდა თუ არა პირის ნაცვალსახელი - ის - გამოყენება როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესის აღსანიშნად, სოციალურ თანასწორობას. რესპოდენტებმა ასევე დააფიქსირეს მოსაზრება, თუ რომელი ქართული სიტყვა გამოხატავდა ქალთა მიმართ პატივისცემას.
კვლევის შედეგები
გამოკითხულთა 48,4%-ში სიტყვა გათხოვება ნეიტრალურ ემოციებს აღძრავს, 41,9% უარყოფითს, ხოლო 9,7% დადებითს, კვლევაში მონაწილე რესპოდენტები, რომლებისთვისაც სიტყვა გათხოვება უარყოფით ემოციებთან ასოცირდება, აღნიშნავენ, რომ სიტყვა მათში ქმნის ასოციაციას, რომ ქალის ნაცვლად, ამ შემთხვევაში ნივთზე საუბრობენ, რომელსაც ისე მოეპყრობიან, როგორც სურთ. გამოკითხულთა 29% მიიჩნევს, რომ ფაქტი, რომ პირის ნაცვალსახელი ის გამოყენება, როგორც მდედრობითი ასევე, მამრობითი სქესის აღსანიშნად, ასახავს ფაქტს, რომ ქალები ქართულ საზოგადოებაში თანასწორუფლებიანები არიან, 29% მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმება მოცემულ მოსაზრებას, რადგან დაზუსტებით არ იციან, რამ განაპირობა ქართულ ენაში, მხოლოდ ერთ პირის ნაცვალსახელის ჩამოყალიბება, ხოლო გამოკითხულთა 41,9% არ ეთანხმება აღნიშნულ მოსაზრებას, რადგან მიიჩნევენ, რომ ენის თავისებურება არ განსაზღვრავს სოციუმის დამოკიდებულებას ქალთა მიმართ და შესაბამისად თანასწორუფლებიანობის საფუძველი ვერ გახდება. ქალთა მიმართ პატივისცემას, რესპოდენტების აზრით, გამოხატავს შემდეგი სიტყვები, ქალბატონი, მანდილოსანი, დედაბოძი, ასევე დედამიწა, დედაენა, რომლებიც, მათი აზრით, ეხმიანება დედის კულტს. აღანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილე რესპოდენტების 64,5% ნაწილობრივ ეთანხმება, ხოლო 29% ეთანხმება მოსაზრებას, რომ გასულ საუკუნეებთან შედარებით, 21-ე საუკუნეში შეიცვალა ქალთა მიმართ დამოკიდებულება. მათი აზრით ეს ცვლილებები დადებითია, რადგან ქალი მეტად ჩართული გახდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გაიზარდა ქალთა უფლებები, ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობის საკითხი დადგა დღის წესრიგში, თუმცა რესპოდენტები მიიჩენევენ, რომ ყველა პრობლემა ბოლომდე არ აღმოფხვრილა და ჯერ კიდევ საჭიროა ცვლიებები. რესპოდენტების 41,9% არ ეთანხმება, ხოლო 41,9% ნაწილობრივ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქალები საქართველოში მე-20 საუკუნემდე უფრო მეტი პატივისცემით სარგებლობდნენ. რესპოდენტებს მიაჩნიათ, რომ ქალს მხოლოდ რეპროდუქციული და ზრუნვის ფუნქცია გააჩნდათ, ხოლო დედის კულტის არსებობა პატრიარქალური წყობის ნაყოფია. ასევე აღნიშნავენ, რომ ქართველ ქალებს მე-20 საუკუნეში, მოწინავე ევროპულ ქვეყნებზე ადრე მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის შესძლებლობა. რესპოდენტები, რომლებიც აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმებიან აღნიშნავენ, რომ ქალი სიძლიერის სიმბოლო იყო, რაც ქართულ ლიტერატურაში ნათლად არის ასახული.
კვლევა მცირე მასშტაბისაა და მისი შედეგების განზოგადება არ შეიძლება. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ იგი მაინც ასახავს დამოკიდებულების ზოგად კონტურებს. საინტერესოა, რომ რესპოდენტების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის მხრივ წინსვლები ქართულ საზოგადოებაში აღინიშნება, თუმცა საბოლოო მიზნამდე მისაღწევად ჯერ კიდევ გრძელი გზა არის გასასვლელი.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. გუდიაშვილი გ, ახვლედიანი მ, გოლიაძე ნ, გოგიშვილი ნ, ქართველიშვილი თ, მაცაბერიძე ს, შულაია ა. 2015. ქალის გენდერული როლი საზოგადოებაში. თბილისი. https://sapari.ge/wp-content/uploads/2016/05/Kvlevis-angarishi-sociologebi-CCI-1-1.pdf
2. დეკანოიძე თ, გოცირიძე გ. იაკობიძე ნ. საქართველოს სახალხო დამცველი. 2020. ფემიციდის მონიტორინგის ანგარიში. 2014-2018. გაეროს ქალთა ორგანიზაცია. UN Women. https://ombudsman.ge/res/docs/2020070314085795380.pdf
3. თოთიბაძე ს. 2020. გენდერული სტერეოტიპების ენობრივი გამოხატულება ევროპულ და ქართულ ზღაპრებში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტი. თბილისი.
4. კოშორიძე ე. 2017. ქართული სიტყვის კულტურის საკითხები. სალიტერატურო ქართულისა და დიალექტების ურთიერთობის ისტორიიდან. თბილისი.
5. კურტანიძე მ, აბრამიშვილი ნ, პატარაია ბ. 2016. ფემიციდი - დისკრიმინაციული დანაშაული და მასთან ბრძოლის სახელწიფო ვალდებულება. კავშირი „საფარი“. თბილისი. http://www.parliament.ge/uploads/other/75/75715.pdf
6. Daley C, Nolan M. 1994. Suffrage and beyond: international feminist perspectives. Auckland. Auckland University Press. 'World suffrage timeline', https://nzhistory.govt.nz/politics/womens-suffrage/world-suffrage-timeline, (Ministry for Culture and Heritage)
7. Minkov, M. and Hofstede, G. (2011), "The evolution of Hofstede's doctrine", Cross Cultural Management: An International Journal, Vol. 18 No. 1, pp. 10-20. https://doi.org/10.1108/13527601111104269; Publisher: Emerald Group Publishing Limited Copyright © 2011, Company
8. Jandt F.E. 2010. An Introduction to Intercultural Communication: Identities in a Global Community. Los Angeles, London, New Delhi, Singapore, Washington DC. Sage Publication.
9. Rusieshvili M, Dolidze R & Totibadze S, 2020. The course of stylistics. Stylistic Devices and Expressive Means. Denotational and Connotational meaning of a word. Tbilisi.( n.a)
10. Rusieshvili M, Cartledge T. 2014. The Wardrops and Georgia. Oliver and Marjory Wardrop – the Oxford-Tbilisi connection. Anthropological Researches: № 2